გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვები არის საკვები, რომელიც წარმოებულია იმ მცენარეებისგან ან ცხოველებისგან, რომელთა დნმ-იც გენური ინჟინერიის გზით შეიცვალა. ასეთ ორგანიზმებს მოკლედ გმო-ებსაც უწოდებენ.
გენური ინჟინერია ორგანიზმის გენების პირდაპირ მანიპულაციას გულისხმობს;
მაგალითად, სხვა ორგანიზმის დნმ-ის გადანერგვის გზით. ეს პროცესი განსხვავდება მცენარეების და ცხოველების ახალი ჯიშების მისაღები შერჩევითი გამოყვანისგან, რადგან პირდაპირ, მოლეკულურ დონეზე ხდება გენში ჩარევა. აშშ-ში გენმოდიფიცირებული საკვები 1994 წლიდან არსებობს, როდესაც ბაზარზე Flavr Savr ბრენდის პომიდვრები გაჩნდა, რომლებიც სპეციალურად შეიმუშავეს, რათა ნელა დამწიფებულიყო.
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმის ერთი კონკრეტული ტიპი არ არსებობს — გენური ინჟინერია ინსტრუმენტია, რომლის გამოყენება მრავალი მიზნისთვის შეიძლება. მაგალითად, აშშ-ში წარმოებული სიმინდის და სოიოს უმეტესობა გენეტიკურად მოდიფიცირებულია, რომ გაუძლოს ჰერბიციდებს. შესაბამისად, უფრო მარტივია მინდვრების მორწყვა სარეველას მკვლელი სითხეებით. ასევე, არსებობს მარცვლეული, რომელიც მავნებლებს უძლებს. თუმცა, გენური ინჟინერიით შეიძლება ისეთი მარცვლეულის გამოყვანა, რომელიც გვალვას გადაიტანს და ისეთი საკვების შექმნაც, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად სასარგებლო იქნება.
ზოგადად მიღებული სამეცნიერო კონსენსუსით, ამჟამად ბაზარზე არსებული გენმოდიფიცირებული საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის რამე სახის დამატებით საფრთხეს არ შეიცავს. თუმცა მაინც, გმო-საკვები დავის საგანია. ოპონენტები ამტკიცებენ, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები ქიმიური ჰერბიციდების გადამეტებულ გამოყენებას შეუწყობენ ხელს. ასევე, მათ აქვთ პრობლემა იმ ფაქტთან, რომ გმ-ორგანიზმები დიდ კორპორაციებს აქვთ დაპატენტებული.
No comments:
Post a Comment